კუჭის წყლულის მკურნალობა
თარიღი: 24 აპრილი, 2025
რა არის კუჭის წყლული?
კუჭის წყლული კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანებაა კუნთოვან შრემდე. ეს მდგომარეობა არღვევს კუჭ-ნაწლავის სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
მიმდინარეობის მიხედვით, კუჭის წყლული შეიძლება იყოს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული.
ყველაზე გავრცელებულია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, უფრო ნაკლებად საყლაპავის წყლულოვანი დაავადება.
კუჭის წყლული ხანდახან უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა ხშირად იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა:
ეპიგასტრიული ტკივილი, რომელიც ძლიერდება მშიერ კუჭზე ან ჭამის შემდეგ;
გულძმარვა, გულისრევის შეგრძნება ან ღებინება;მადის დაქვეითება და წონაში კლება;გართულებულ შემთხვევებში - სისხლიანი ღებინება ან მელენა (შავი ფერის, შედედებული, სისხლიანი განავლი).ექიმთან დროული მიმართვა აუცილებელია დიაგნოზის სწორად დასმისთვის და გართულებების თავიდან ასაცილებლად.
რა იწვევს კუჭის წყლულს?
კუჭის წყლულის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზია ჰელიკობაქტერ პილორია. ეს ბაქტერია ძალიან გავრცელებულია და აზიანებს კუჭის დამცავ მექანიზმებს და ხელს უწყობს პათოლოგიის ჩამოყალიბებას. კუჭის წყლულით დაავადების შემთხვევათა ნახევარზე მეტი სწორედ ჰელიკობაქტერ პილორთიაა გამოწვეული.
კუჭის წყლულის გამომწვევი მიზეზები ასევე შეიძლება იყოს:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგრძლივი მიღება
მოწევა და ალკოჰოლის ჭარბი მიღება.
გენეტიკური წინასწარგანწყობა.
როგორ ხდება კუჭის წყლულის დიაგნოსტირება?
კუჭის წყლულის დიაგნოსტირებისას, ექიმის მიერ სხვადასხვა გამოკვლევები შეიძლება დაინიშნოს, რათა შეფასდეს პაციენტის მდგომარეობა და დადგინდეს დაავადების გამომწვევი მიზეზები.
დიაგნოსტორების ძირითადი მეთოდია ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, რომელიც ყველაზე ზუსტ და ინფორმაციულ კვლევას წარმოადგენს. ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიის დროს ექიმი ენდოსკოპისტი ათვალიერებს და აფასებს კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავისა და საყლაპავი მილის მდგომარეობას. გამოკვლევის დროს შესაძლებელია ბიოფსიური მასალის აღება და მისი მორფოლოგიური შესწავლა, რათა დადგინდეს დაავადების გამომწვევი მიზეზი და შეფასდეს პათოლოგიური პროცესი.
დიაგნოსტირების პროცესში, ექიმმა ასევე შესაძლოა დანიშნოს ჰელიკობაქტერ პილორის სუნთქვითი ურეაზული სწრაფი ტესტი, სისხლის ანალიზი ანტისხეულებზე ან განავლის ტესტი ანტიგენზე, რომელიც ადასტურებს ან გამორიცხავს ბაქტერიის არსებობას.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კვლევისა და დიაგნოსტიკის მეთოდი „ნიუ ჰოსპიტალსში“ დანერგილია და წარმატებით ხორციელდება.
როგორ ხდება კუჭის წყლულის მკურნალობა?
კუჭის წყლულის მკურნალობა შეიძლება სხვადასხვა სქემით განხორციელდეს, რომელსაც ექიმი ირჩევს პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის მიხედვით. პაციენტის მიერ თვითმკურნალობა დროში ახანგრძლივებს პროცესს.
კუჭის წყლულის ეფექტური მკურნალობა საჭიროებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას, სპეციალურ დიეტას და მედიკამენტების მიღებას. ექიმმა პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლოა დანიშნოს:
მჟავის შემამცირებელი მედიკამენტები (პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები) - მედიკამენტები რომლების ამცირებს კუჭის წვენის გამომუშავებას, რათა მოხდეს დაზიანებული ლორწოვანი გარსის აღდგენა და გართულების თავიდან აცილება.
ანტიბიოტიკები - თუ წყლული გამოწვეულია ჰელიკობაქტერ პილორით, ინიშნება ბაქტერიის საწინააღმდეგო ერადიკაციული თერაპია.
H2 ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორები - ამ ტიპის მედიკამენტები აქვეითებს მჟავის ბაზილარულ და სტიმულირებულ სეკრეციას.
ანტაციდები - გამოიყენება კუჭის მჟავის განეიტრალებისთვის.
როგორია დიეტა კუჭის წყლულის მკურნალობის პროცესში?
კუჭის წყლულის მკურნალობის დროს დიეტას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს, რადგან არასწორად შერჩეული საკვები აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, ხელს უშლის შეხორცებას და აძლიერებს წვას და ტკივილს.
კუჭის წყლულის დროს აკრძალულია:ყველა ტიპის მჟავე საკვები - როგორიცაა პომიდორი, ციტრუსები, მჟავეული;ცხარე და ცხიმიანი საკვები - პაციენტმა უარი უნდა თქვას ცხარე სანელებლებზე, შემწვარ და ცხიმიან პროდუქტებზე, სწრაფ კვებაზე;ალკოჰოლი და კოფეინი ;მაღალი ცხიმიანობის რძის პროდუქტები - მაგალითად კარაქი, არაჟანი;დამუშავებული ხორცპროდუქტები - როგორიცაა სოსისი, ძეხვი და სხვ.კონსერვირებული პროდუქტები;ხორცისა და თევზის ნახარშები;სხვადასხვა სახის ტკბილეული;პარკოსნები, მაგალითად მუხუდო და ლობიო.
კუჭის წყლულის დროს მიღებული საკვები უნდა იყოს მსუბუქი, ადვილად ასათვისებელი. მკურნალობისას დასაშვებია შემდეგი პროდუქტების მიღება:ბურღულეული;მოხარშული ხორცი და კვერცხი;ბოსტნეული, როგორიცაა სტაფილო, კარტოფილი, ჭარხალი ყაბაყი;მცენარეული ცხიმი.